8 ივნისს 18:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებასსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაესწრება.
პროექტის ძირითად მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია „შემოიარე საქართველო" და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.
შეხვედრაზე გაიმართება „ზაფხულის ტურისტული კალენდარი"-ს პრეზენტაცია, სადაც დატანილია 8 ივნისიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები. გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული კალენდარი შეიქმნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ადმინისტრაცია ამასთანავე უზრუნველყოფს კალენდარზე მითითებული ღონისძიებების განხორციელებას.
ასევე გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ახალი საიმიჯო კლიპი „Summer in Georgia" -ს ჩვენება. აღნიშნული ვიდეო უცხოური ბაზრებისთვის მომზადდა და ის უკვე გადის საქართველოს მიზნობრივ ბაზრებზე (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბელორუსია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).
საღამოს მასპინძელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე მიესალმება დამსწრე საზოგადოებას და ოფიციალურად გახსნის ზაფხულის ტურისტულ სეზონს. იგი მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურიზმის სფეროში მიღწეული წარმატებების, ზაფხულის ტურისტული აქტივობების შესახებ უამბობს და ამასთანავე მათ სამომავლო გეგმებს გააცნობს.