სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო. მინისტრმა ადგილობრივი მცირე ფერმერების 2 400 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი მოინახულა, სადაც სიმინდის დასათესად ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები - დახვნა და დაფარცხვა ხორციელდება.
აჭარის რეგიონში მცირე მიწიანობის გამო, მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ ნაკვეთზე მუშაობს, სადაც თანამედროვე ტექნიკის გამოყენება ნაკლებად რენტაბელურია. სოფელ ალამბრის სამმა ფერმერმა, მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები გააერთიანეს. საერთო მეურნეობამ მათ საშუალება მისცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ეწარმოებინათ. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემოყვანილი ახალი ტექნიკა მიწის სრულყოფილად დამუშავების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის მოსავლის ხარისხს და რაოდენობას. ეს კი, მოსახლეობის შემოსავლის მატებას განაპირობებს.
დღესვე, ზაზა გოროზია ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. მინისტრმა არსებული პრობლემებიც მოისმინა და გლეხების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები