500 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია „Gebruder Weiss"-ი საქართველოში 5 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „Gebruder Weiss"-ი ქართულ ბაზარზე უკვე შემოვიდა, რომელიც 1 წელიწადში ქვეყანაში ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
„Gebruder Weiss"-ის საქართველოში შემოსვლა დღეს „შერატონ მეტეხი პალასში" აღინიშნა, სადაც სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას აუდიტორიას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ სინგერ ვაისმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერმა ტომას მოზერმა გააცნეს. პრეზენტაციას კომპანიის მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავაც ესწრებოდნენ.
„Gebruder Weiss"-ის არის საერთაშორისო, უმაღლესი კლასის კომპანია, რომელიც ამ სფეროში არის ერთ-ერთი ლიდერი ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დონის კომპანიები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა ცდილობს გახდეს რეგიონის ცენტრი ბიზნესის კეთებაში, მათ შორის ვაჭრობი,ს გადაზიდვების და სხვა მიმართულებით. სწორედ ამ ტიპის პროექტები, რომელსაც Gebruder Weiss-ი ახორციელებს არის მეტად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია გრძელვადიანი და სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, მას აქვს ის ეფექტი, რომ ის არის კონკრეტული ფული, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში იდება"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მატკავამ.
„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული კომპანია ამ სფეროში, რომელსაც გააჩნია 500 წლიანი ისტორია და რომელსაც აქვს წარმომადგენლობები აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში, იაპონიაში და სხვა. ასეთი კომპანიის შემოსვლა და ასეთი ინვესტიციის ჩადება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადგილს, ეს ნიშნავს უფრო განვითარებულ ეკონომიკას და საბოლოო ჯამში ეს ემსახურება ერთ ძირითად ამოცანას, რომ გავზარდოთ საქართველოს კეთილდღეობა. ამიტომ ასეთი სოლიდური ფირმების მიერ განხორციელებული ინვესტიციები არის დიდი ნაბიჯი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადადგმული"- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
„გებრუდერ ვაისი" 5 საუკუნის განმავლობაში ვაისების ოჯახის საკუთრებაში მყოფი ოჯახური ფირმაა. კომპანიის ბრუნვა მილიარდ ევროს აჭარბებს და ევროპის წამყვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებში ლიდერის პოზიციებზეა. „გებრუდერ ვაისის" საქმიანობის ძირითად სფეროს სახმელეთო ტრანსპორტი, საზღვაო და საჰაერო ტვირთების გადაზიდვა და ლოგისტიკა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ "Gebruder Weiss LLC"-სა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინiსტროს შორის გაფორმდა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელსაც „Gebruder Weiss"-ის მხრიდან ხელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერმა ტომას მოზერმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას, ლოგისტიკური ობიექტების მშენებლობასა და რეგიონალური საწარმოს „Gebruder Weiss LLC" დაფუძნებას ითვალისწინებს. საწარმო უზრუნველყოფს საამანათო, მათ შორის, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვისა და სხვა ლოგისტიკური სერვისებით მომსახურებას რეგიონში.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, „Gebruder Weiss"ქართულ ბაზარზე შემოსვლით აძლიერებს თავის რეგიონალურ ორგანიზაციას და ავითარებს ბიზნესს კავკასიის რეგიონში, ე.წ „Stan"ქვეყნებში.
„რეგიონალური საწარმოს „Gebruder Weiss LLC" მეშვეობით ჩვენ ვქმნით სტრატეგიულად მნიშვნელოვან პლატფორმას კავკასიის რეგიონში, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით გახდება მნიშვნელოვანი პლატფორმა კავკასიასა და აზია - ევროპის წამყვან ბაზრებს შორის, რაც ჩვენი, უკვე არსებული კლიენტებისთვისაც მომგებიანი იქნება.საქართველო შეირჩა იმის გამო, რომ საქართველოში საქმის წამოება სხვადასხვა მიმართულებით არის მარტივი. შედეგად იმპორტიორებსა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ უკეთესად დაუკავშირდნენ როგორც საზღვაო ასევე საჰაერო გზებით სხვადსხვა კომპანიებსა და ქვეყნებს. 7-8 თვეში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უნდა დასრულდეს" - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ სინგერ ვაისმა.
„საქართველოში ორგანიზაციის დაფუძნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამავე დროს, „Gebruder Weiss" კომპანიის სტრატეგიის ერთგული რჩება, რომელიც საწყის ეტაპზე ახალი ბაზრების გაჩენას ითვალისწინებს და სულ მალე ჩვენს მიერ აშენებული ლოგისტიკური ობიექტები კავაკასიის რეგიონის ცენტრად იქცევა," - აღნიშნა ტომას მოზერმა.
„ეს არის თანამედროვე კომპანია, რომელიც გამნახორციელებს ინვესტიციას დაახლოებით 5 მლნ დოლარის ოდენობით. შეიქმნება ერთგვარი ჰაბი ამიერკავკასიაში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მოემსახუირება ყველა მომხმარებელს"- განმარტა „Gebruder Weiss LLC"-ის გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრე ხარლამოვმა.
„გებრუდერ ვაისის" საკუთრებაშია 158 ფილიალი ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, უნგრეთში, ჩეხეთში,სლოვაკეთში, ხორვატიაში,სერბეთში, რუმინეთში,აშშ-ში, იაპონიაში და სხვა. "გებრუდერ ვაისის" პარტნიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა მოტორსი".
ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანია და „Gebruder Weiss Holding AG" -ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული მისი ფილიალები მრავალფეროვან სერვისებსსთავაზობენმომხმარებელს. მრავალფეროვანი სერვისები ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მოქნილად დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭირობები. ქართულ ბაზარზე შემოსვლით კომპანია კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონალურ ორგანიზაციასა და ავითარებს ბიზნესს კავკასიის რეგიონშიც. სტრატეგიული თვალსაზრისით რეგიონალური ცენტრი გახდება მნიშვნელოვანი პლატფორმა კავკასიასა და აზია- ევროპის ბაზრებს შორის.