სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ბრეთში ადგილობრივი ფერმერის მიხეილ ედილაშვილის მეურნეობა დაათვალიერა. დღეს მეურნეობაში აგროკალენდრით გათვალისწინებული ნიადაგის გაფხვიერების - დაფრეზვის სამუშაოც ახლად შემოსული ტექნიკის გამოყენებით ჩატარდა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს მიმდინარებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო.
6 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია ვაშლის თანამედროვე ჯიშების ბაღი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეძენილი თანამედროვე ტექნიკით მუშავდება. ახალი ტრაქტორების, მისაბმელი ტექნიკისა და თანამედროვე საირიგაციო სისტემების გამოყენება, ნიადაგის დროული და ხარისხიანი დამუშავების საშუალებას იძლევა. ეს კი უხვმოსავლიანობას და მიღებული შემოსავლის ზრდას განაპირობებს.
ადგილობრივი ფერმერის მეურნეობაში 30 ჰექტარ მიწის ფართობზე, ვაშლის ბაღის გარდა, მაღალმოსავლიანი ერთწლიანი ბოსტნეული კულტურებია გაშენებული. საკუთარი ჩითილის გამოსაყვანი სათბური კი ფერმერს საშუალებას აძლევს უფრო მოქნილად და ეფექტურად დაგეგმოს თავისი საქმიანობა და აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია.