ბიზნესომბუდსმენი საქართველოში უცხოელი ინვესტორების პრობლემებით დაინტერესდა და ამ მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის ეკონომიკურ ატაშეებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში პრობლემას შესაბამისი კადრების არარსებობა წარმოადგენს, საუბარია ძირითადად ტექნიკურ კადრებზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ განაცხადა, უმაღლესმა სასწავლებლებმა ბიზნესთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ და ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ, სასწავლებელში შესაბამისი კურსები დანერგონ და ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად გამოზარდონ ახალი კადრები.
"იყო კადრებთან დაკავშირებით შეკითხვები, მაგალითად ზოგიერთი უცხოელი ბიზნესმენი უჩივის იმას, რომ ქვეყანაში არ არის შესაბამისი კადრები, მაგალითად ინჟინრები და სხვა. ჩვენ ამ საკითხთან მიმართებაში ცალსახა პოზიცია გვაქვს, უნივერსიტეტებმა უნდა გააქტიურონ ურთიერთობა ბიზნესთან და შექმნან შესაბამისი სწავლების კურსები, იმაზე დაფუძნებით თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესმენების მხრიდან. თუ სასწავლებლები თავიანთ სასწავლო კურსებს ააგებენ იმაზე, თუ რა უნდა ბიზნეს, მაშინ ეს პრობლემა მოიხსნება"- აღნიშნა გიორგი პერტაიამ.
როგორც ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, არსებულ პრობლემებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებაც მოისმინეს ანგარიში.
"ჩვენი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საელჩოების წარმომადგენლობებს პერიოდულობით ვხვდებით. თუ კი უცხოელ ინვესტორებს რაიმე პრობლემები აქვთ, ისინი პირველ რიგში საელჩოებს აწვდიან ინფორმაციებს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთი წლის მუშაობის შედეგებიც გავაცანით და ასევე ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რა სქემით ვაპირებთ მუშაობას სამომავლოდ და რა ფორმით მივიღებთ საჭირო ინფორმაციას ბიზნესმენებისგან. შეხვედრაზე შევჯერდით იმაზე, რომ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც 2011 წლის დასაწყისში არსებობდა და დღეს აღარ არსებობს."- განმარტავს ბიზნესომბუდსმენი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უცხოურმა დიპლომატიურმა კორპუსმა ბიზნესომბუსდმენის აპარატის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს, რათა აღნიშნული სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია უცხოელ ინვესტორებსაც მიეწოდოთ, რაც ინვესტორში მეტი დაცულობის განცდას გააჩენს.
"ბიზნესომბუდსმენთან ერთად დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის ატაშეებს შევხვდი. შეხვედრა ამ ახალი ინსტიტუტის უკეთ გაცნობას და იმ მიზნებისა და ფუნქციების გაზიარებას ისახავდა მიზნად, რის გამოც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა.
აუდიტორია საკმაოდ აქტიური იყო, იყო ძალიან ბევრი შეკითხვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიალოგი რომელიც ფორმალურად დღეს დაიწყო, სამომავლოდ უფრო აქტიურად გაგრძელდება"- აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.