"ქართული ოცნების" წევრი მისი და მისი მეგობრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს ხელისუფლების მხრიდან შეტევას უწოდებს.
"ფეისბუკში" გამოქვეყნებულ წერილში ზვიადაური აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერაზე უარის თქმის სანაცვლოდ ადგილი აქვს მათი მოსყიდვის მცდელობას.
ზვიადაური ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მუქარაზეც საუბრობს.
"ბოლო ხანს ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან შეტევას დაემსგავსა. ჩემს მეგობრებს იბარებენ ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში, ცდილობენ მათ მოსყიდვას და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ქართული ოცნების მხარდაჭერაზე უარის თქმას აიძულებენ. სპორტსმენებზე ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობს ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. მან დაუფარავად განუცხადა ევროპის ჩემპიონს, ნოდარ მეტრეველს რომ ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირველების რომ არ გვეშინოდესო. ამ სიტყვებით ნათელია, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ძალადობა და ტერორი. ჩვენ ვერც შეგვაშინებენ და ვერც მოგვისყიდიან. ჩვენ ჩავერთეთ საკუთარი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბრძოლაში და მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. რაც შეეხება ჩემი დენზე შეერთების სურვილს - ვურჩევ არ ეცადონ! დღეს სხვა საქართველოა, ხალხის დაშინებების დრო წავიდა! ქართველი ხალხი, ძალიან მალე, საქართველოს ხელისუფლებას, მათივე დამკვიდრებული "წესით", როგორც ნაგავს ისე მიაბამს დენზე და წარსულს გააყოლებს", - წერს ზვიადაური.