2012 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტალის განმავლობაში 6,4, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 4,2 მილიარდი ლარი შეადგინა.
"საქსტატის" ინფორმაციით, საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 82.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი 6.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 10.9 პროცენტი.
თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდ-ვებზეც: მსხვილი ბიზნესი - 81.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 6.3 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 11.8 პროცენტი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის I კვარტლიდან ბიზნეს რეგისტრის განახლება და საწარმოთა მოცვის ხარისხის გაუმჯობესება მოხდა, რამაც საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების ცვალებადობა განაპირობა.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2012 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 8.1, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 4.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 83.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 6.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.6 პროცენტი.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი - 83.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.0 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.7 პროცენტი.