რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭო რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და იქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ხელახალი რეფორმირება არ მოხდება და ამ ვაკანტურ ადგილებზე სხვა ადამიანებს დანიშნავენ. სულ საბჭო ამ დროისთვის ცხრა ადამიანმა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში საბჭოდან საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციის პროტესტის ნიშნად საზოგადო მოღვაწე ირინა იასინა და ჟურნალისტი სვეტლანა სოროკინა წავიდნენ.
სულ რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭოში 38 ადამიანი იყო. საბჭოს ხელმძღვანელი მიხაილ ფიოდოტოვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს 20 ადამიანი მაინც დატოვებს, ისიც გადადგება.