აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, დირკ ნიბელი მიიღო. შეხვედრას ქალაქის მერი, რობერტ ჩხაიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ვაჟა ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრეს და ქალაქის წყლისა და კანალიზაციის სისტემების უკვე შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს. ასევე, იმსჯელეს თანამშრომლობის სხვა სფეროებზე, რომელიც ტურიზმს, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკას მოიცავს.
„საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. გერმანიის სახელმწიფო ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში საუკუნის პროექტის მიმდინარეობს, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობა სამი წლის წინათ დაიწყო და უკვე მიწისქევშა სამუშოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სამ წელიწადში ქალაქის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული წყლისა და მოუწესრიგებელი კანალიზაციის პრობლემა მოეხსნება", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
გერმანული დელეგაციის წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სხვა სამუშაოებიც დაათავლიერეს. ისინი ჩაისუბანში წყლის მომარაგებისა და გაფილტვრის თანამედროვე სისტემის და ადლიის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ