ახალ პარლამენტში სტაჟირების მსურველთათვის საბუთების მიღება გამოცხადებულია და ვაკანსიის რაოდენობა გაურკვეველი.
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაკანსია იმდენ ადგილზეა, რამდენი ვაკანსიაც გაჩნდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები მიიღებენ გადაწყვეტილებას ქუთაისში გადასვლის ან არ გადასვლის შესახებ.
„იქნება სარეზერვო ბაზა და თუ დღევანდელი პარლამენტის აპარატის რომელიმე თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ ქუთაისში არ გადმოვიდეს, მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს. მათი ჩანაცვლება კი შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებით უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ სტაჟიორთა მიღება ცხადდება. ვაკანსია არის ყველა ადგილზე და არ არის არც ერთ ადგილზე. ვაკანსია იმდენ ადგილზეა რამდენი ვაკანსიაც გაჩნდება მას შემდეგ რაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები მიიღებენ გადაწყვეტილებას" - აღნიშნა ბობოხიძემ და დასძინა, რომ პარლამენტის თანამშრომლებს შემცირება არ ემუქრებათ.
პარლამენტში სტაჟირების მსურველთათვის საბუთების მიღება, ოფიციალურად, 28 მაისს დაიწყო.