ხვალ, 1-ელ ივნისს, "უნივერსიადა - 2012"-ის ფარგლებში, გაიმართება ფინალი ჩოგბურთში. ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.
"უნივერსიადა - 2012"-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერობს. საქართველოს "უნივერსიადა - 2012" 15 მაისს დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო შეჯიბრების გენერალური სპონსორი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი".
ტურნირში, რომელშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გამოვლენ, გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის 22 სახეობაში - ძიუდოში, ბადმინტონში, ხელბურთში, ქართულ ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში, ტაეკვონდოში, სამბოში, კარატეში, ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ცურვაში, მკლავჭიდში, ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, შვიდკაცა რაგბიში, ფრენბურთში, ძალისმიერ სამჭიდში, სტრიტბოლში, მშვილდოსნობაში, სროლასა და კრივში. 29 მაისს გამარჯვებულები მკლავჭიდში გამოვლინდნენ.
ამ დროისთვის სტუ 18 ოქროთი ლიდერობს.