2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4 497.6 ათასი კაცი შეადგინა1. აღსანიშნავია, რომ დადებითმა მიგრაციულმა სალდომ (20.2 ათასი) და ბუნებრივმა მატებამ (8.2 ათასი) საქართველოს მოსახლეობა 28.4 ათასი კაცით გაზარდა, რაც 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით მეტია. ქვეყნის მოსახლეობის 53.2 პროცენტი (2 391.7 ათასი კაცი) - ქალაქად, ხოლო 46.8 პროცენტი (2 105.9 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს.
მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა ქვეყნის რეგიონებშიც, მოსახლეობის ყველაზე დიდი მატება აღინიშნება ქვემო ქართლის რეგიონში - 1.1
პროცენტი, ქ. თბილისში - 0.9 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 0.8 პროცენტი და შიდა ქართლის რეგიონში - 0.5 პროცენტი. მოსახლეობის შემცირება (-0.6%) აღინიშნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 47.7 პროცენტი მამაკაცია, (2 143.8 ათასი) და 52.3 პროცენტი ქალი (2 353.8 ათასი). წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 0-4 წლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში და 286.0 ათასი კაცი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან 0-4 ასაკის მოსახლეობის პროცენტული წილი მატულობს, რაც გამოწვეულია ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობის მკვეთრი ზრდით.
წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ (0.1 პროცენტული პუნქტით) შემცირდა 0-14 წლისა და 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში და შესაბამისად 761.1 და 615.9 ათასი კაცი შეადგინა.
2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. დაბადებისას მთლიანი მოსახლეობისათვის შეადგენდა 74.4 წელს, მათ შორის, მამაკაცებში 70.1, ხოლო ქალებში - 78.6 წელს .