დღეს, 31 მაისს, 19:00 საათზე, პირველად თბილისში, მეიდანზე, იტალიის რესპუბლიკის დაარსების 66-ე წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართება იტალიელ მებაირაღეთა უჩვეულო წარმოადგენა.
შოუს, რომელსაც იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი გახსნის, წარმოადგენს მებაირაღეთა ეროვნული გუნდი. შოუში მონაწილეობენ სპორტსმენები და მუსიკოსები იტალიის რვა ქალაქიდან და ექვსი რეგიონიდან (პიემონტი, ემილია-რომანია, მარკე, ტოსკანა, კამპანია და აპულია). ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ფერადი შოუ ღია ცის ქვეშ, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება. წარმოდგენა აგრეთვე ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილეს.
ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრებიან. შოუს ორგანიზატორია იტალიის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.