მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ოპერაციებისთვის დღემდე მოქმედ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად თავის პორტფელში არსებულ სახელმწიფო ობლიგაციებსაც გამოიყენებს. ეროვნული ბანკი ივნის-ივლისის პერიოდში 114 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას გეგმავს, რომელთა ვადიანობა 1-იდან 5 წლამდე მერყეობს. აუქციონები დაიწყება მიმდინარე კვირას და ჩატარდება ყოველკვირეულად, ოთხშაბათ დღეს.
ეროვნული ბანკის პორტფელიდან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ემსახურება საპროცენტო განაკვეთების მერყეობის შემცირებასა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას, ასევე ფულად ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის სტერილიზაციის მიზნებს.
აღნიშნული ობლიგაციები გამოშვებულია მთავრობის მიერ 1990-იან წლებში ეროვნული ბანკის მიერ მთავრობაზე გაცემული სესხების ფასიან ქაღალდებად გადაფორმების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმება ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის შედგა 2006 წელს, რომლის შემდგომაც ყოველწლიურად 48 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი ხდება მიმოქცევადი და ეროვნულ ბანკს შეუძლია მათი გამოყენება ღია ბაზრის ოპერაციებისთვის.