რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც ლატვიური და ქართული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში უკვე გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომელთა შედეგად უკვე ივლისში ლატვიაში სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია შევა. ლატვიური მხარე დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების ჩადებით, მათ შორის, საკურორტო ქალაქ ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით. ამას გარდა ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა მიმართეს. ანდრის ბერზინშმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ლატვია მზად არის ერთობლივი პროექტები განახორციელოს როგორც ჯანდაცვის სფეროში ისე განთლების სისტემაში. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში არ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ბიზნესმენებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყანას.