სირიაში არსებული გაეროს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა რობერტ მუდმა ქვეყანაში ადამიანების ძალადობრივად დაღუპვის ახალი ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს-პრესი" ავრცელებს.
გენერლის თქმით, წუხელ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია დეირ-ეზ-ზორში 13 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
"ყველა მათგანს უკან ხელები ჰქონდა შეკრული. ზოგი მათგანი, ყველაფრიდან ჩანს, რომ თავში გასროლით მოკლეს ახლო მანძილიდან", _ აცხადებს გენერალი.
მისივე თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია ამ "სიმხეცით და უპატიებელი მოქმედებებით".
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ სირიის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეირ-ეზ-ზორში უცნობი პირების მიერ გადაცებული იყო სირიის ნავთობის კომპანიის "ალ-ფურატის" წარმომადგენლები. ჯერ ჯერობით უცნობია არის თუ არა კავშირი ამ ორ ფაქტს შორის.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სირიის ქალაქ ხულაში ასზე მეტი ადამიანი დახვრიტეს, რომელთა შორის ათეულობით ბავშვი იყო. ამ მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. სირიელი დიპლომატები ერთმანეთის მიყოლებით გააძევეს აშშ-მ, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანია,, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა.