კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2012 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით, ანუ 49.8 მლნ ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 7.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.0 პროცენტით, ანუ 50.9 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 1.9 პროცენტით ანუ 100.7 მლნ ლარით შემცირდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2012 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 887.0 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით ანუ 16.3 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.8 პროცენტით ანუ 98.5 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის მარტთან შედარებით, ა/წ აპრილში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.2 პროცენტით ანუ 25.3 მლნ ლარით შემცირდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველი მაისისათვის 829.8 მლნ ლარით განისაზღვრა (5.0 პროცენტით ანუ 43.4 მლნ ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 9.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 423.0 მლნ ლარია (4.6 პროცენტით, ანუ 20.4 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 77.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2012 წლის აპრილის განმავლობაში 0.2 პროცენტით ანუ 7.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 3.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.