"ქართული ოცნების" და ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს მიმართვა გადასცეს.
მიმართვის ტექსტი "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სულხან ღლონტმა გაახმოვანა.
"2012 წლის 17 იანვარს თქვენსა და შპს „სისთემ ინშაათს" შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, თქვენ პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გაასხვისეთ ქ. ბათუმში არსებული თავისუფლების მოედანი. ხელშეკრულების შესაბამისად მოცემულ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა. თქვენი გადაწყვეტილება არ ემთხვევა ქალაქ ბათუმის მკვიდრთა სრული უმრავლესობის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ ბათუმის დაცვისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეგოს შესაბამისი პატივი", - აღნნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება, ინვესტორს გადაეცეს ალტერნატიული ფართი მშენებლობისთვის, დაუბრუნდეს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობას თქვენს მიერ გაყიდული ტერიტორია.
როგორც სულხან ღლონტმა აღნიშნა, თავისუფლების მოედანის გაყიდვას ძალიან მწვავედ განიცდიან ბათუმელები.
"ამიტომ მოგიწოდებთ უმოკლეს ვადაში საჯაროდ გაგვცეთ პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე", - მიმართა ღლონტმა ვარშალომიძეს.