რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ბრიტანული იარაღის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთმა, შესაძლოა, დარტყმები მიიტანოს უკრაინის ტერიტორიაზე და „მის ფარგლებს გარეთ“ მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ობიექტებზე.
„რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ ბრიტანული იარაღის გამოყენებით განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ბრიტანული სამხედრო ობიექტისა და ტექნიკის წინააღმდეგ დარტყმები უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას განცახდებით, რუსეთი მოუწოდებს ბრიტანეთის ხელმძღვანელობას, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გააანალიზოს სიტუაცია და დაუყოვნებლივ და გადამწყვეტად უარი თქვას მტრულ, აგრესიულ პოზიციაზე,
„მოვუწოდებთ გაერთიანებული სამეფოს ყველა მცხოვრებელს, გაითვალისწინონ საკუთარი მთავრობის მტრული ქმედებების გარდაუვალი, კატასტროფული შედეგები. მოვუწოდებთ ბრიტანეთის ხელმძღვანელობას, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გააანალიზოს სიტუაცია და დაუყოვნებლივ და გადამწყვეტად უარი თქვას მტრულ, აგრესიულ პოზიციაზე, რომელსაც მხოლოდ კიევის ნეონაცისტური რეჟიმის აგონიის გახანგრძლივება შეუძლია და კონფლიქტის ფუნდამენტურად ახალ დონეზე გადასვლის რისკს ქმნის“, - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტებისა და მათი წარმოების ტექნოლოგიების გადაცემის გამო.
მოსკოვის მუქარა მას შემდეგ გაისმა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow-ის რაკეტების წარმოების ტექნოლოგიას გადასცემს.