ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში არქეოლოგიურად გათხრილი და შესწავლილია გვიანანტიკური ხანის სამარხი და ქვევრები. ზედაპირული დაზვერვებისას მიკვლეულია იალოილუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკა (სამფეხა ლანგარი - დელფიკურთა და მრგვალპირა ხელადა), რაც ამ მიკრორაიონში აღნიშნული კულტურის ერთ-ერთი კერის არსებობის დამადასტურებელი ფაქტია.
ამ ტიპის ჭურჭელი მიეკუთვნება თანამედროვე აზერბაიჯანსა და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (იორ-ალაზნის ორმდინარეთში) გამოვლენილ - იალოილუთეფეს კულტურას, რომლის გავრცელების ქრონოლოგიურ დიაპაზონად დღეისათვის ელინისტური ხანა (უფრო კონკრეტულად III-I საუკუნეები) მოიაზრება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს III-IV საუკუნის ორმოსამარხი და მისი ინვენტარი, სადაც მარცხენა გვერდზე ე.წ. "მძინარე პოზაში" დაკრძალული ინდივიდი დასტურდება. სამარხში აღმოჩნდა სატევარი, რკინის, ორპირლესული; ბრინჯაოს ორი, მინის თვლიანი "ფირფიტა"; რკინის დანა და სფერული მძივები (სამი ცალი).
ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალა ამჟამად დამუშავების პროცესშია, მიმდინარეობს არტეფაქტების გრაფიკული ანაზომებისა და ჩანახატების მომზადება. ახლო მომავალში მომზადდება ექსპედიციის მუშაობის ამსახველი ვრცელი სამეცნიერო ანგარიში, თანდართული ვიზუალური მასალით.