თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს გლდანში, ვართაგავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღნიშნული მონაკვეთი სოფელ გლდანში წლების განმავლობაში, დაზიანების ხარისხით ყველაზე მნიშვნელოვანი კერა იყო. სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ მისი რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო. 5 400 კვ.მეტრ ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, გამოიცვალა ბორდიურები და მოეწყო ახალი ტროტუარები.საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 20 ადამიანია დასაქმებული.
საგზაო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მოქალაქეები გიგი უგულავას ძირითადად სოციალურ და ჯანმრთელობის საკითხებზე ესაუბრნენ. თბილისის მერმა მათ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის სიახლეები გააცნო, რომლის თანახმად სახელმწიფოს მიერ, 1 სექტემბრიდან დაზღვეული იქნება 6 წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები, რაც მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავა ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის 74 წლის გულნარა ბერიძის თხოვნით პენსიონერს ოჯახში ეწვია. მოხუცმა ქალბატონმა თბილისის მერს საკუთარი პრობლემები გააცნო და სახლის გადახურვა და თვალზე კატარაქტის ოპერაციის გაკეთება სთხოვა. გიგი უგულავა პენსიონერს სახელმწიფო დაზრვევის პროგრამაში ჩართვამდე, ოპერაციის გაკეთებას მერიის პროექტის დახმარებით დაპირდა.