საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, აშშ-ის ელჩის მაიკლ მაკფოლის მიერ რუსეთის მხილება გარიგებების მცდელობაში მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა. ამის შესახებ მან რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მაიკლ მაკფოლმა რუსეთი "ირანის საქართველოზე გაცვლის" შეთავაზებაში ამხილა.
წიკლაურის განცხადებით, რუსეთი მსგავს მოსყიდვებსა და შანტაჟს, არც გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც არ ერიდება.
"ამის შესახებ უკვე ყველასთვის არის ცნობილი, მაგრამ ერთია არაფორმალური ინფორმაციები და მეორეა, როცა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი - მაიკლ მაკფოლი აკეთებს განცხადებას. ეს სულ სხვა დონეა", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ისიც ყველასთვის არის ცნობილი, რომ კრემლსა და აშშ-ის ელჩს შორის არსებობს უთანხმოება, იმის გამო, რომ იგი რუს ოპოზიციონერებს შეხვდა. თუმცა წიკლაური გამორიცხავს, რომ მაკფოლის განცხადებას, შესაძლოა, საფუძვლად ეს პიროვნული დაპირისპირება ედოს. იგი მიიჩნევს, რომ მაკფოლის განცხადება არის აშშ-ის მხრიდან რუსეთის გაფრთხილება, რათა ადგილი არ ჰქონდეს მსგავსი გარიგებების მცდელობებს.
წიკლაურის შეფასებით, აღნიშნული სიტუაცია გადატვირთვის პოლიტიკასაც პრობლემებს უქმნის.
"გადატვირთვის პოლიტიკას, რომ პრობლემები შეექმნა ამას თითქმის ყველა აღიარებს და ეს რუსეთის მიდგომების გამო ხდება. აშშ-ისთვის 21-ე საუკუნეში გავლენების სფეროებზე ლაპარაკი მიუღებელია. ეს არის ცივილიზაციათა მენტალუტრი დაპირისპირება, რაც საქართველოს უბიძგებს კიდევ უფრო გააგრძელოს სვლა არჩეული გზით", - დასძინა დეპუტატმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში აშშ-ის ელჩს, მაიკლ მაკფოლის არაპროფესიონალიზმსა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ასპექტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.
რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური მოსკოვის აღშფოთება გამოიწვია მაკფოლის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 2009 წელს ყირგიზეთის ხელისუფლება მოისყიდა, რათა ამერიკული "მანასის" ბაზის ლიკვიდაცია მომხდარიყო. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ასევე არაპროფესიონალიზმია მაკფოლის მხრიდან მტკიცება, რომ რუსეთი აშშ-ს "ირანის საქართველოზე გაცვლას" სთავაზობდა.