სამართალდამცველებმა პარლამენტთან, მოძრაობა "7 ნოემბრის", "სამოქალაქო ფრონტისა" და "მარო მაყაშვილის ქალთა ორგანიზაციის" აქტივისტები დააკავეს. აქციით ისინი 26 მაისს, გელათთან, პოლიციის მიერ მათი მეგობრების დაკავებას აპროტესტებდნენ.
როგორც ჟურნალისტებს მოძრაობა "7 ნოემბრის" ლიდერმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, 26 მაისს მოილოცეს გელათი და როდესაც ბრუნდებოდნენ, პოლიციამ რამდენიმე მათი მეგობარი უკანონოდ დააკავა. მისი თქმით, შვიდ აქტივისტს 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, სამი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
აქციაში მონაწილეობდა ათზე მეტი ახალგაზრდა. აქციის დასრულების შემდეგ ისინი გადავიდნენ სავალ ნაწილზე და გამყოფ ზოლზე გაჩერდნენ. სამართალდამცველებმა ყველა მათგანი მანქანებში ჩასვეს და წაიყვანეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ.
ინციდენტისას გზა გადაკეტილი იყო დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რომლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.