ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებას საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამედიცინო მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი - სოფიო ლებანიძე, წარუდგინა.
„წარმოგიდგენთ „ჯანდაცვის ომბუცმენს", რომლის მთავარი მიზანი იქნება დაიცვას სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეთა უფლება შეუფერხებლად და დროულად მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება". განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
სოფიო ლებანიძეს 2010-2012 წლებში სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო მანამდე 2007-2010 წლებში სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსთან ერთად მინისტრმა საზოგადოებას, ასევე საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამსახურის ახალი თანამშრომლები გააცნო.
სამედიცინო მედიაციის სამსახურის ფუნქცია მოქალაქეს, სადაზღვევო კომპანიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობების დარეგულირებაა. სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა განიხილოს დაზღვეული მოქალაქეების განცხადებები და ეფექტურად გადაწყვიტოს წარმოშობილი დავები.
2012 წლის ბოლოს თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ისარგებლებს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებით. დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, მათი უფლებების დაცვა, სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება შედეგად მოიტანს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიები დროულად მოახდენენ სამედიცინო დაწესებულებებთან ფინანსურ ანგარიშსწორებას. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა ერთის მხრივ პაციენტებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ხოლო მეორეს მხირვ მედპერსონალისათვის შრომის დროული ანაზღაურება უზრუნველყონ.
სამედიცინო მედიაციის სამსახურის თანამშრომლების შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 1221-მა ადამიანმა მიიღო. განაცხადების მიღება 2012 წლის 12-დან 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ძირითად მოთხოვნები იყო: მაგისტრის ხარისხი, მაღალ მენეჯერულ თანამდებობაზე საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.