"ქრისტიან-დემოკრატები" უმუშევრის სტატუსისა და სოლიდარული სოციალური დაცვის სისტემის დანერგვას მოითხოვენ.
როგორც ფრაქციის წევრებმა მაგდა ანიკაშვილმა და ლევან ვეფხვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შვედეთში ვიზიტის შედეგებზე საუბრისას განაცხადეს, საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ჯანდაცვის შვედური მოდელის გარკვეული ელემენტები.
როგორც ,,ქრისტიან-დემოკრატები,, განმარტავენ, ამ მოდელის თანახმად, ყველა იხდის ყველასათვის, მაგრამ შეძლებული პირები იხდიან მეტს, ვიდრე სოციალურად დაუცველები და იღებენ მხოლოდ საბაზისო სერვისებს, ხოლო სოციალურად დაუცველი ჯგუფები იღებენ დამატებით სამედიცინო სერვისებს.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, უმწეოთა ჯგუფში იგულისხმებიან ხანდაზმულები, მცირეწლოვანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. რაც შეეხება საზოგადოების დაუცველ, მაგრამ შრომისუნარიან ნაწილს, დეპუტატი თვლის, რომ მათთვის სახელმწიფომ უნდა შემოიღოს უმუშევრის სტატუსი და დაწესდეს უმუშევრობის დახმარება. ამასთან, სახელმწიფო უმუშევრებს უნდა სთავაზობდეს ადეკვატური დასაქმების შესაძლებლობას.
,,ქრისტიან-დემოკრატები,, პარტიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის, შვედური მოდელის გამოცდილების გათვალისწინებით განახლებას გეგმავენ. ამასთანავე, ივნისის ბოლოს შვედი კოორდინატორების მონაწილეობით გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, რის შემდეგაც ,,ქრისტიან-დემოკრატები,, წინასაარჩევნო პროგრამას ამომრჩეველს გააცნობს.