28 მაისს, 10:30 საათზე, საგამოფენო დარბაზში „ექსპო ჯორჯია“- მესამე პავილიონში, USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), თბილისის მოდის კვირეული და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მასპინძლობენ კონფერენციას, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ქართველი დიზაინერები და ადგილობრივი სამკერვალო კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიება ეძღვნება დიზაინერებსა და მეწარმეებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციას გახსის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართავენ USAID-ის წარმომადგენელი მონიკა გორზელანსკა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი.
ეს არის პირველი კონფერენცია, რომლის ამოცანას ქართველი დიზაინერებისათვის ქვეყანაში ტანსაცმლის წარმოების სექტორში არსებული შესაძლებლობების დემონსტრირება წარმოადგენს. ქართველი დიზაინერები ძირითადად მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქციას ყიდიან დიზაინერულ მაღაზიებში მცირე მოცულობით. მაშინ, როდესაც ადგილობრივ საწარმოებს აქვთ ტანსაცმლის მასობრივი წარმოების შესაძლებლობა. აღნიშნული სამკერვალო ფაბრიკები თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი ბრენდებთან, როგორიც არის Zara,Tommy Hilfiger, Marks & Spenser, Mexx, Next, Puma, Zara, Koton, Lebek და სხვ.
შიდა ბაზარზე არსებობს მომხმარებელთა კატეგორია, რომლისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ქართველი დიზაინერების პროდუქცია. კონფერენციის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველ დიზაინერებსა და ტანსაცმლის ადგილობრივ მწარმოებლებს შორის თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას ადგილობრივი ბრენდები საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისათვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც დიზაინერებს, ასევე ტანსაცმლის მწაროებელ კომპანიებს. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული წარმოების განვითარებას, ასევე იმპორტის ჩანაცვლებას, ექსპორტის ზრდას და ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზაციას.
EPI-ის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში სამკერვალო სექტორის განვითარება და ხელშეწყობაა. EPI საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად ეხმარება ქართველ მწარმოებლებს ბაზრის ახალი ტენდენციების გაცნობაში, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებაში, წარმოების ზრდაში, საერთაშორისო ბაზრებთან კავშირსა და ინვესტიციების მოზიდვაში.
მასალის გამოყენების პირობები