დღეს, 26 მაისს, ფესტივალ "მეორე სიცოცხლის" მეოთხე სერიას ყოფილი გამომცემლობის შენობა უმასპინძლებს.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სემინარი და ვორკშოპი ელექტრონული მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობების შესახებ, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CES) ლექტორები ჩაატარებენ.
16:00 საათზე ფესტივალის მთავარი ნაწილი ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელიც "გამომცემლობის" შიდა ეზოში დაიწყება. კონცერტში მონაწილეობს 6 ქართველი და 3 მოწვეული დიჯეი: გრინბიმი და ლეონი, თორნიკე ჩოხელი, თომა, ბერო, კიდიკი, იორის სიოპისი, ამბივალენტი.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარები და მაისურები, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ასევე წარმოდგენილი იქნება ლუდის კუთხე, სადაც ლუდთან ერთად სტუმრებს ცნობილი შეფმზარეულის, თამარ კიკალეიშვილის მომზადებული სენდვიჩების, ბარბეკიუებისა და სალათების დაგემოვნება შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა "მეორე სიცოცხლე" სტარტი 2010 წლის ნოემბერში ჭიათურაში აიღო. მას შემდეგ ფესტივალი ჩატარდა თბილისში და წყალტუბოში. "მეორე სიცოცხლის" მთავარი მიზანია, განავითაროს ელექტრონული მუსიკა და თანამედროვე ხელოვნება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ასევე, გამოიყენოს ძველი, ტექნიკური შენობები კულტურული დანიშნულებით და მიანიჭოს მათ "მეორე სიცოცხლე".
ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.