კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ სოფელში მოსახლეობის მხოლოდ 5 % უნდა დარჩეს.
როგორც კოალიციის წარმომადგენელმა გია ჯანდიერმა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, სოფლის მოსახლეობის ქალაქ ლაზიკაში ჩასახლება, სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, დღეს სოფელში მოსახლეობის 50% ცხოვრობს და იქიდან ხალხი ქალაქებში, უახლოეს 20-30 წელიწადში უნდა განსახლდეს.
"ამ ადამიანებს ქალაქში სამუშაო ადგილები და გამართული ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს. საქართველოში მოსახლეობის ზრდის პარალელურად, გაიზრდება სოფლის მცხოვრებლების ოდენობაც და ქალაქების განვითარების გარეშე, სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ამიტომ, ლაზიკის მშენებლობის გადაწყვეტილება დროული ინიციატივაა", - აღნიშნა ჯანდიერმა.
მისი ინფორმაციით, სტატისტიკურად ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმებულთა ოდენობა და ოთხჯერ გაიზარდა ხელფასი.
ჯანდიერის მოსაზრებებმა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი დეპუტატი გურამ ჩახვაძე გააღიზიანა.
"კიდევ კარგი, რომ ის არ მართავს ქვეყანას. რომელ ქვეყანაზე საუბრობთ?! ქვეყნის ინტერესი წვრილი გლეხური მეურნეობის განვითარება უნდა იყოს და არა სოფლის დაცლა. საინტერესოა, რა ფორმით უნდა მოხდეს მოსახლეობის გამოსახლება და მათთვის მიწების ჩამორთმევა, ლაზიკაში გადასახლების მიზნით", - აღნიშნა ჩახვაძემ.
საკონსტიტუციო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გია ჯანდიერის მოსაზრებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ სოფლიდან მოსახლეობის ქალაქში განსახლების პროცესი ბუნებრივია, რასაც ხელოვნურად ვერავინ შეაჩერებს.
ლაზიკასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო-სახალხო განხილვა მომავალ კვირას რეგიონებში გაგრძელდება.