ზაფხულის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია განაახლებს ფრენას. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ტავ ჯორჯიადან" აცნობეს, Sibir S7 Airlines, ATA Airlines, Pegasus, Armavia და OLT Express (ძველი სახელწოდება YES Airways) ეს იმ ავიაკომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში ბათუმის საერტაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებენ.
31 მაისიდან მოსკოვი-ბათუმის რეისს, სამ წლიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია „Sibir S7 Airlines" განახორციელებს. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ფრენა, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ბათუმის მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია „ATA Airlines"-იც. პირდაპირი რეისით სარგებლობას თეირანიდან და თავრიზიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, მგზავრები 21 ივნისიდან შეძლებენ.
ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან: „OLT Express" „Pegasus" და „Armavia", რომლებმაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისების შესრულების სურვილი უკვე გამოთქვეს. კონკრეტულად, რომელი რიცხვიდან და რა სიხშირით შესრულდება რეისები ვარშავიდან, სტამბოლიდან და ერევნიდან ბათუმის მიმართულებით ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
„ბათუმის მიმართულებით ფრენით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანია ინტერესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველ სეზონზე საგრძნობლად იზრდება. „ტავ ჯორჯია" მოხარულია, რომ წელს ვარშავიდან, მოსკოვიდან, თეირანიდან, სტამბოლიდან და ერევნიდან ტურისტები ბათუმში პირდაპირი რეისებით ჩამოფრინდებიან." - განაცხადა „ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ყოველწლიურმა მგზავრთა ნაკადმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 133.864 შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებზე 51.04 %-ით მეტია. 2012 წლის განმავლობაში „ტავ ჯორჯიას" განცხადებით, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.