თბილისის მერი გიგი უგულავა განაგრძობს იმ საწარმოების დათვალიერებას, რომლებიც 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სამრეწველო აღლუმში მონაწილეობენ.
გიგი უგულავა დღეს ქვების გადამამუშავებელ საწარმო „კამარაში" იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
კომპანია „კამარა" 1998 წლიდან ადგილობრივ ნატურალურ ქვებს ამუშავებს. საწარმო ქართული ბაზალტისა და გრანიტის გარდა, ნიჩბისის, ანანურისა და სხვა ნაკლებად ათვისებულ კარიერებში მოპოვებულ მოსაპირკეთებელ მასალაზე მუშაობს. კომპანიამ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ბაზალტისა და გრანიტის კუბიკების დამზადება განაახლა, რითაც მოკირწყლულია თბილისის მრავალი პარკი, სკვერი, სახელმწიფო თუ კერძო ობიექტი. ქვების გადამამუშავებელმა საწარმომ 2012 წლიდან ქართული მოზაიკის წარმოებაც დაიწყო. აღნიშნულ ობიექტში ამჟამად 17 ადამიანია დასაქმებული და თითოეული მათგანის ძალისხმევა ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე პროდუქციის წარმოებისკენ არის მიმართული.
შპს „კამარა" 26 მაისს დაგეგმილ სამეწველო აღლუმში მონაწილეობს და გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის, მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენს.
ქართული წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, "ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში" 26 მაისს მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შემქნას ისახავს მიზნად.
გრანდიოზულ გამოფენაზე 250-ზე მეტი საწარმო ადგილობრივი წარმოების, მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.