საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.
უახლოეს პერიოდში საქართველო საკუთარ ინდუსტრიულ ბაზაზე ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს და წამყვან და გამოცდილ პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის CODA Automotive მმართველთა საბჭოს და დირექტორატს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა საწარმო დაათვალიერა, სადაც ელექტრომობილები ეწყობა და ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა კომპანიის მიერ აწყობილი ელექტრომობილი პირადად მართა.
კომპანია CODA Automotive სამხრეთ კალიფორნიაში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან, განვითარებულ კომპანიებთან თანამშრომლობს. ახალი ელექტრომანქანების გამოშვებაზე ინოვატორთა გამოცდილი ჯგუფი მუშაობს, რომელიც ეკოლოგიის დაცვის მიზნით, ელექტრო ლითიუმ-იონიანი ბატარეის სისტემიან მანქანებს აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე ეფექტური ტექნოლოგია გააქვს. კომპანია ხელმისაწვდომ ფასებში აწარმოებს უსაფრთხო ელექტრომანქანების ელემენტებს და სხვა ნაწილებს. 2012 წელს კომპანიამ გამოუშვა CODA სედანი, რომელსაც 5 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.