საქართველოში 2011 წლის უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.1 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად აღინიშნა მოსახლეობის აქტიურობისა და დასაქმების დონეების ზრდა. 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში აქტიურობისა და დასაქმების დონეები, შესაბამისად 1.0 და 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში თითქმის ერთნაირად გაიზარდა როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რის
შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.
სტატისტიკური ინფორმაციის ტანახმად, უმუშევრობის დონე დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ვიდრე ქალაქის მოსახლეობაში. ამასთან, სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში - 0.7 პროცენტული
პუნქტით.
რაც შეეხება უმუშევრობის დონის მაჩვენებელს რეგიონალურ ჭრილში,
აღსანიშნავია მისი კლება შიდა ქართლის რეგიონში (3.8 პროცენტული პუნქტით), იმერეთის რეგიონში (2.4 პროცენტული პუნქტით) და კახეთის რეგიონში (2.2 პროცენტული პუნქტით).
დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება თითქმის ერთნაირად გამოიკვეთა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. კერძოდ, უმუშევრობის დონე ქალებში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებლის კლებამ 1.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად ქალებში უმუშევრობის დონე ნაკლებია ვიდრე კაცებში. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ქალები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები, ძირითადად წარმოადგენენ დიასახლისებს და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნებიან. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 44.2 და 23.5 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე.
აქტიურობის დონის სქესობრივ ჭრილში განხილვისას, აღსანიშნავია, რომ
ქალებში აქტიურობის დონემ 2011 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ხოლო კაცებში - ბოლო ათწლეულის მანძილზე
აქტიურობის დონის ანალოგიურად, ქალებში დასაქმების დონემ 2011 წელს
ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ხოლო კაცებში - ბოლო შვიდი წლის მანძილზე.
უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფის გარდა უმუშევრობის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. გარდა ამისა, უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე მაღალია 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი - 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამ უკანასკნელის მიზეზია ის, რომ 65+ ასაკის მოსახლეობა წარმოადგენენ პენსიონერებს, რომელთა დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული და არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნებიან.