საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურისთვის აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცახდება, ოპოზიციონერთა შევიწროვების შესახებ, სრულიად მიუღებელია. ამის შესახებ მან ჯონ ბასის მიერ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, "ამერიკის წუხილს იწვევს ის ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების შესახებ ვრცელდება".
წიკლაურის თქმით, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ნიშნით შევიწროვების შესახებ ნებისმიერი ფაქტი სრულიად მიუღებელია და თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ეს განხილვის საგანი იქნება.
,,ვფიქრობ, ბატონმა ბასმა უფრო მკაფიოდ და დოკუმენტირებულად უნდა განმარტოს ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით მას აქვს. პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციონერთა შევიწროების ფაქტებს მე არ ვიცნობ. თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანები ამომრჩეველთა მოსყიდვას უკანონო მაქინაციებით ცდილობენ, მე ამას პოლიტიკური პარტიის შეზღუდვას ნამდვილად ვერ დავარქმევ" - აღნიშნა წიკლაურმა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ასევე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურენტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ელჩის თქმით, ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარება (მათ შორის შარშან გამოყოფილი 60 მლნ დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია) მიმართულია საარჩევნო რეფორმის მხარდასაჭერად; მათ შორის კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაცეიბის გასაძლიერებლად.