ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომის გამართვის შესახებ, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გამოცემულია.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, გეგმის მიხედვით, 17:00 საათზე პარლამენტი საზეიმო სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე სტუმრები, მათ შორის ელჩები, საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან მიწვეულები. სხდომის შემდეგ, 18:00 საათზე ქუთაისში სამხედრო აღლუმი გაიმართება.
მანამდე კი, მაჭავარიანის თქმით, პრეზიდენტი თბილისში ქართული მრეწველობის აღლუმზე დასწრებას გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც მშენებლებთან შეთანხმებული იყო. გრაფიკის მიხედვით კი, 26 მაისს სხდომათა დარბაზი და შემოსასვლელი მზად იქნება. მაჭავარიანის განცხადებით, სხდომის შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.