.,,ქართული ოცნების" ლიდერი 26 მაისს თბილისში დაგეგმილ მრეწველობის აღლუმს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რეალურად საქართველოში მრეწველობა არ არსებობს და ამ კუთხით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, სასაცილოა.
"საქართველოში რაღაც მზადდება, რა თქმა უნდა, მრეწველობის რაღაც ნაწილი არსებობს. მაგრამ არსებობს იმის 2-3%, რაც რეალურად უნდა იყოს და ეს მაქვს მხედველობაში. როდესაც ასეთი მცირე რაოდენობაა იქ შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ არსებობს და ეს არის ისეთივე ფასადური. ამიტომ ეს განცხადება არის სასაცილო, თითქოს მრეწველობის რაღაც გამოფენას აწყობენ", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ:საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული გამოფენა: "ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში" გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამრეწველო აღლუმი ქართული ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შემქნასა და წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად.
გამოფენაზე საქართველოს მასშტაბით მოქმედი 250-ზე მეტი საწარმო: ავეჯს, სამშენებლო მასალებს, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის ნაკეთობებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ლაზერულ გრავიურას, ქართული წარმოების მეტროს ვაგონებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს, ჩაის, საკვებ და სხვადასხვა მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს სამრეწველო აღლუმში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ნანო ტექნოლოგიების პოლიგრაფიული მცირე საწარმო "სან-სტუდიო" 6 თვეა დაარსდა და წარმატებით საქმიანობს. სტუდიაში სპეციალური პრინტერითა და ნანო საღებავებით ნებისმიერი სახის ზედაპირის მქონე პროდუქციაზე, სხვადასხვა ილუსტრაციების გადატანა ხდება. წარმოების პროცესი და თანამედროვე ტექნოლოგიის საღებავები ეკოლოგიურად სუფთაა, ის არ ხუნდება და სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მსგავსი სახის წარმოება სიახლეა და ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი. პოლიგრაფიულ საწარმოში 5 ადამიანია დასაქმებული. კომპანია გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
„სან-სტუდიო" 26 მაისს დაგეგმილ სამეწველო აღლუმში საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახეობის, მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენს და მათ საზოგადოებას გააცნობს.