პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამო განხორციელდა, პრეზიდენტს ხელმოსაწერად დღეს, 25 მაისს გადაეგზავნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტი, პრეზიდენტს დადგენილ ვადაში გადაუგზავნის საკონსტიტუციო ცვლილებებს.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა სამშაბათს მიიღო. კონსტიტუციას შემდეგი შინაარსის 104/4 მუხლი დაემატა: 2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
22 მაისს, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მოუწოდა, კონსტიტუციურ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს.
"მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება - ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზედაც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ", - აღნიშნულია ივანიშვილის წერილში.