ოპოზიციურ ფრაქციებთან პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების ახალი წესის შემოღების საკითხი შეთანხმებულია. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა ფრაქციებმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ დეპუტატთა ბოიკოტირების საკითხზე ახალი დეფინიცია არის შემოსატანი. თუმცა, მისი თქმით, რეგლამენტი პოლიტიკური ბოიკოტის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
"ფრაქციას ულტიმატუმის დაყენების და ამა თუ იმ საკითხის გადაჭრამდე ბოიკოტის გამოცხადების უფლება უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ამის დეფინიცია ოპოზიციურმა ფრაქციებმა უნდა მოგვაწოდონ. საკითხი შეთანხმებულია. ახალი რეგლამენტით, მთელი საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიის ბოიკოტი დაშვებული არ იქნება", - აღნიშნა გოგორიშვილმა.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა.