"ხალხი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გამოდის გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნიდან კარგად ფინანსდება. მათ ძალიან კარგი დაფინანსება აქვთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რონალდ რეიგანის ფონდში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის 20 წლისთავსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს წარმატებას სწორედ ის განაპირობებს, რომ ქართველი ხალხი ყველა ერის წარმომადგენელს პატივს სცემს.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი არის სომეხი, ებრაელი, კათოლიკე. პასუხი ამაზე არის ცალსახა: თუ თქვენ ვერ იტანთ აზერბაიჯანელებს, მე ვარ აზერბაიჯანელი, თუ თქვენ ვერ იტანთ სომხებს, მე ვარ სომეხი, თუ თქვენ არ გიყვართ ებრაელები, ვერსად იპოვით ჩემზე მეტ ებრაელს. ეს არის ჩემი პატრიოტიზმი, ეს განაპირობებს საქართველოს წარმატებას, რადგან ჩვენ შევქმენით ამ ჯგუფების გაერთიანება", _ განაცხადა სააკაშვილმა.