სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია რაჭას ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ონისა და ამბროლაურის რაიონის მცირე და საშუალო ფერმერებს სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გოროზიამ ფერმერთა შეკითხვებს უპასუხა.
"რაჭის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა მეცხოველეობის განვითარება და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობაა. ამ პრობლემების მოგვარებით ჩვენ გვეყოლება უფრო მდიდარი გლეხი, გვექნება უფრო მეტი მოსავალი, რაც საშუალებას მოგვცემს ვუმასპინძლოთ ბევრ ტურისტს ადლობრივი ხარიასხიანი პროდუქტით", - განუცხადა ჟურნალისტებს გოროზიამ.
მინისტრმა ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე მესაქონლეობის ფერმა "ბლაუშტაიენი“ დაათვალიერა. აღნიშნულ მეურნეობაში 200 შვეიცარიული (მეხორცული) ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავთ. ფერმაში ასევე ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებით მიღებული გაუმჯობესებული ჯიშის საქონელი გამოჰყავთ. "ბლაუშტაიენი“ შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი მეურნეობაა და იქ 20 ადგილობრივია დასაქმებული. მომავალში ფერმის ბაზაზე სასაკლაოსა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა იგეგმება.
გოროზია ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგეულში მდებარე შპს "ალექსანდროულის“ ღვინის ქარხანასაც ესტუმრა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო 2005 წელს გაიხსნა. კომპანიას 70 ჰექტარ მიწის ფართობზე საკუთარი ვენახი აქვს გაშენებული და ყოველწლიურად დაახლოებით 100 ტონა ყურძენს მოსახლეობისგანაც იბარებს. შპს "ალექსანდროულის“ მიერ ჩამოსხმული ბოთლის ღვინო ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება და ექსპორტზედაც გადის.
მასალის გამოყენების პირობები