24-25 მაისს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შპს "ლომთაგორას", სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრისა (CIMMYT) და მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) მხარდაჭერით, ხორბლის სელექციის საერთაშორისო სემინარი ტარდება. აღნიშნული სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე კობახიძემ გახსნა.
"სემინარი ეძღვნება მარცვლეული კულტურების თანამედროვე ჯიშების სელექცია-გამოყვანას და მისი მთავარი მიზანია თითოეული გლეხის, ფერმერის ოჯახში მაქსიმალური რაოდენობის მარცვლეულის წარმოება მოხდეს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სემინარის ძირითად თემას ხორბლის სასელექციო მასალისა და ხორბლის წარმოებაში გლობალური გამოწვევების გაცნობა წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ხორბლის თესლის წარმოებაზეც იმსჯელეს, რომელიც შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებში უკვე გამოიყენება. შპს "ლომთაგორას" მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყვანილი ხორბლის თესლის კვლევისა და სელექციის პროცესი რამოდენიმე წელია მიმდინარეობს.
სემინარზე მოხსენებით კახა ლაშხი (შპს "ლომთაგორა"), ალექსი მარგუნოვი (CIMMYT), იოზეფ ტუროკი (ICARDA) და დავით ბედოშვილი (აგრარული უნივერსიტეტი) წარდგნენ.
25 მაისს აგრარულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარის დახურვა გაიმართება და მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე მიმართავს. სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შპს "ლომთაგორას" მეურნეობისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის კონცეფციას გაეცნობიან.