ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმა, ისრაელის პრესის და დიასპორის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა რონენ პლოტმა საქართველოს პრეზიდენტს ებრაელი ბიზნესმენების, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის განთავისუფლებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"ეს ორი ადამიანი უკვე ისრაელშია. ისინი გაათავისაუფლეს, რაზედაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. როგორც ვიცი, ისინი მიიჩნევენ, რომ დაპატიმრებულნი იყვნენ შეცდომით. დარწმუნებული ვარ, მათი დაპატიმრება შეცდომა რომ არ ყოფილიყო, მათ არავინ გაათავისუფლებდა. შეცდომა რომ იყო, ამიტომაც გაათავისუფლეს. არ მინდა ამ ისტორიის დეტალებში შევიდე, რადგანაც ის უკვე დასრულებულია", _ განაცხადა რონენ პლოტმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მადლობელია საქართველოს ხელისუფლებისა და პრეზიდენტის, ვინაიდან "მათ ყველაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ ეს ორი ადამიანი თავისუფალი ყოფილიყო და სამშობლოში დაბრუნებულიყო".
მისი თქმით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბერმანმა აღნიშნა, ინციდენტი ამოწურულია.
"ერთი შემიძლია გითხრათ - რომ არ ყოფილიყო იქ შეცდომა, მათ არანაირად არ გაათავისუფლებდნენ", _ აღნიშნა ბოლოს ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილს სააკაშვილს ებრაელი მოქალაქეების შეწყალებისთვის მადლობა ისრაელის პრეზიდენტმაც პირადად გადაუხადა.
ისრაელის ორი მოქალაქე - რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი, ქართველმა სამართლდამცველებმა 2010 წლის 4 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებოდათ ბრალად. სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით. ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის პირადი თხოვნისა და მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა.