პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება,, მოსახლეობას უპასუხისმგებლო დაპირებებს აძლევს.
როგორც მან ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცახადა, ხელისუფლება, რომ არჩევნებზე იყოს ორიენტირებული, მოსახლეობას არა 220, არამედ 320 ლარიან პენსიას დაპირდებოდა. თუმცა, მისი თქმით, დაპირებების უკან კონრეტული პასუხისმგებლობა დგას.
"ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს მყისიერი, ელექტორალური ეფექტისთვის, არჩევნებისთვის. ჩვენ რომ არჩევნებისთვის ვაკეთებდეთ, დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი მომგებიანი ლოზუნგის მოგონება შეიძლებოდა, რომელიც ხალხს მოეწონებოდა. ახლა გაჩნდა ახალი თემა, რომ პენსია უნდა იყოს 220 ლარი. რატომ არ უნდა იყოს 240? მე ახლა არჩევნებზე ორიენტირებული, რომ ვიყოვიტყოდი, რომ 220 კი არ უნდა იყოს, 320 ლარი უნდა იყოს პენსია მომავალი წლიდან. უფრო მოეწონებოდა ხალხს და უფრო ბევრი მომცემდა ხმას, მაგრამ ამის უკან კონრეტული პასუხისმგებლობა დგას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი განმარტებით, 10 ლარით პენსიის გაზრდა ქვეყანაში ჯდება წელიწადში 100 მილიონი ლარი, დღევანდელი პენსია, რომ გაზარდო 220 ლარამდე, ამას ბიუჯეტში დამატებით 900 მილიონი ლარი სჭირდება. ბაქრაძეს აინტერესებს, ბიუჯეტიდან რომელი 900 მილიონი უნდა დაიხარჯოს პენსიის ასე გაზრდისთვის.
,,ამიტომ, როდესაც ადამიანი კონკრეტულ ამოცანასა და არჩევნების მოგებაზე ფიქრობს, ძალიან ბევრჯერ აქვს ცდუნება, ხმამაღალი დაპირებებით გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენგანაც ძალიან მოეწონებოდა ხალხს იმის მოსმენა, რომ 300 ლარამდე ვზრდით პენსიას. თუმცა, ამას სრულიად კონკრეტული რესურსი სჭირდება. ეს რესურსი დღეს სახელმწიფოს არ აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა ვართ," - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კოალიცია ,,ქართული ოცნების,, წევრმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და მინიმუმ 220 ლარი იქნება, რასაც მისი თქმით, ნამუშევრობის სტაჟიც დაემატება.