მიხეილ სააკაშვილი ლოს-ანჯელესში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში გამართულ ღონიუძიებაზე სიტყვით გამოვიდა. რომელიც საქართველო-ამერიკიის პარტნიორობის 20 წლისთავსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
პრეზიდენტმა მიმართვისას თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში რონალდ რეიგანის უდიდეს დამსახურებაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებები მთელი რეგიონისთვის არის სამაგალითო.
საქართველოს პრეზიდენტი დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას რონალდ რეიგანის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰეიბუშმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა წარუდგინეს. ჯონ ჰეიბუშის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მათთვის განსაკუთრებული სტუმარია, რადგან მან რონალდ რეიგანის მსგავსად, ცხოვრების დიდი ნაწილი რეგიონში თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას მიუძღვნა.
ჯონ ჰეიბუშმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს იმ პატივისთვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანს მიაგო.
„დღევანდელი საღამო განსაკუთრებულია, ჩვენ არაერთი სახელმწიფო მეთაური და სტუმარი გვყოლია უცხო ქვეყნიდან - ჩვენ ყოველთვის სიხარულით ვმასპინძლობდით მათ. დღევანდელი საღამო განსაკუთრებულია, რადგან ჩვენთან ერთად იმყოფება ლიდერი რომელმაც, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად, საკუთრი ცხოვრების დიდი ნაწილი თავისუფლებასა და დემოკრატიას მიუძღვნა იმ რეგიონში, სადაც ასეთი განძის შეძენა იოლი არ არის. ჩვენთან ერთად იმყოფება დღეს ადმაიანი, რომელმაც დიდი პატივი მიაგო რონალდ რეიგანს, 2011 წელს პრეზიდენტ რეიგანის იუბილესთან დაკავშირებით, მან ძეგლი დაუდგა ამერიკის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში - თბილისში, რათა მომავალ თაობებს მის ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში ახსოვდეთ თავისუფლების მნიშვნელობა. ბატონო პრეზიდენტო, რეიგანის ფონდის სახელით მადლობას გიხდით იმ დიდი პატივისთვის, რომელიც ჩვენი პრეზიდენტის მიმართ გამოხატეთ. ასევე მადლობას გიხდით მამაცობისათვის, თავისუფლების დაცვის ბრძოლაში", - აღნიშნა ჯონ ჰეიბუშმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დარბაზის შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფონდის დირექტორთან ერთად რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა რეიგანის საფლავი მოინახულა და ბერლინის კედლის ფრაგმენტი ნახა. ქვეყნის პირველი პირი საპრეზიდენტო თვითმფრინავზე „ბორტი ერთზეც" მიიწვიეს.