ბრიუსელში ვაჭრობის, ეკონომიკურ და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-11 შეხვედრა გაიმართა, ექსპერტების (დირექტორების) დონეზე. ქართული მხრიდან სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ქ-ნი თეა ახვლედიანი, ხოლო ევროპული მხრიდან - ევროკომისიის ვაჭრობის საკითხების გენერალური დირექტორატის ევროპის (არაევროკავშირის) და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბ-ნი ფილიპ კუისონი. სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების, ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის დარგში და ვაჭრობის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის განხილულ იქნა მაკროეკონომიკური მდგომარეობა საქართველოსა და ევროკავშირში, თანამშრომლობა ინვესტიციების წახალისების, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში და სხვ.
ზოგადად, ევროპული მხარე მიესალმა საქართველოს მიერ მთელ რიგ სფეროებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე მიმდინარე მსჯელობებისას განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებულ თემებზე. ამ მხრივ, მხარეები მიესალმნენ ხსენებული მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყებას. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელებული წარმატებული სამუშაო და ხაზი გაუსვა ამ კუთხით რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას, ევროკავშირის შიდა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით.
სხდომაზე მხარეებმა, აგრეთვე, იმსჯელეს შემდგომ ღონისძიებებზე და ევროკავშირის შესაძლო მხარდაჭერაზე დახმარების პროგრამების განხორციელების გზით.
ვაჭრობის, ეკონომიკურ და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი წარმოადგენს ევროკავშირთან თანამშრომლობის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთ ფორმატს ექსპერტების დონეზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება