,,ქართული დასის,, ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ არასამათვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში გადასაგზავნი მომზადებული დოკუმენტების ტომეული სულ 187 გვერდისაგან შედგება.
ბარათურია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის იმპიჩმენტისათვის საკმარისია მისი ,,ვოიაჟი,, სლოვენიასა და მილანში, იმ დროს როდესაც დავით-გარეჯში ქვეყნის საზღვარი იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა სტიქიურ უბედურებას. თუმცა, ბაღათურია საიმპიჩმენტო დასკვნის მოსამზადებლად, შესაბამის უწყებებს, უგზავნის ასევე, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის კორუფციისა და უკანონო შემოსავლების შესახებ მის მიერ მოპოვებულ მასალებს.
დეპუტატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, 2004 წელს პრეზიდენტი დეკლარაციით სულ 123 ათასი ლარის ქონებას ფლობდა, 2011 წლის მონაცემებით კი პრეზიდენტს დეკლარირებული აქვს 1 269 167 ათასი ლარის ქონება. ,,ქართული დასი,, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისა და მისი მეუღლის შემოსავლები ჯამურად არ ემთხვევა დეკლარირებულ ქონებას და ამას გარდა, პრეზიდენტი ფლობს აღურიცხავ ქონებასაც.
ბარათურიამ დღეს კიდევ ერთხელ წარადგინა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებები, რომლითაც მისი დედის - გიული ალასანის მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებს, ერთ ლარად გადასცემს სახელმწიფო ქონებას. დეპუტატმა ასევე წარადგინა ,,ქართუ ბანკის,, მიერ გაკეთებული გადარიცხვები პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე და სხვა, რაც მისი თქმით, უკანონო იყო.
"გერმანიის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნისთვის, საკმარისი გახდა ისიც, რომ მან იაფი კრედიტი აიღო. პრეზიდენტი ამის გამო თავად გადადგა. ჩვენ კი საკმარისზე მეტი დოკუმენტაცია გვაქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო დასკვნა გამოვითხოვოთ" - აღნიშნა ბაღათურიამ.
,,ქართულმა დასმა,, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო ხელმოწერების შეგროვება 22 მაისის პლენარულ სხდომაზე დაიწყო. ბარათურია აცხადებს, რომ მოთხოვნაზე, ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრები ხელს სრული შმადგენლობით მოაწერენ. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, მისი თქმით, უმცირესობამ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა. ბაღათურიას მტკიცებით აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთანაც მიმდინარეობს.
,,პრეზიდენტი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლებლივ დანაშაულში და დეპუტატი, რომელიც ამ საკითხის გამოკვლევით არ დაინტერესდება, ხდება დანაშაულის თანამონაწილე,, - დასძინა ბაღათურიამ.