"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიესალმება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,ამნესტი ინტერნეიშენალი"-ს ანგარიშს, რომელიც 2011 წელს განვითარებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.
მოხსენებაში საქართველოსთან მიმართებაში სამი ძირითადი საკითხია გამოყოფილი:
• პოლიციის მიერ დემონსტრაციების დარბევისას გადამეტებული ძალის გამოყენება.
• იძულებით გადადგილებულ პირთა გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.
• შემაშფოთებელი მდგომარეობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში.
ანგარიშში საუბარია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებისას დარღვეული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ვინაიდან, გამოსახლება ხდებოდა ადეკვატური კონსულტაციის, შეტყობინების თუ სამართლებრივ საშუალებებზე ხელმსაწვდომობის გარეშე. განსახლებისას ადეკვატური საცხოვრებლის ასპექტები ყოველთვის არ იყო დაცული, როგორიცაა ხელმისაწვდომობა დასაქმებასა და შემოსავლის მდგრად წყაროზე.
,,ამნესტი ინტერნეიშენალი" დეტალურად მიმოიხილავს 2011 წლის დემონსტრაციებისას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. საუბარია 2011 წელს 3 იანვრის და 26 მაისის აქციებზე, როდესაც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი მანიფესტაციები. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე არ ჩატარებულა.
აქვე აღნიშნულია, რომ კვლავ არ განხორციელებულა ეფექტიანი გამოძიება 2007 და 2009 წლის დემონსტრაციების დროს პოლიციელთა ქმედებებზე.
ანგარიშში საუბარია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე. მოხსენიებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ", რომელშიც დადგენილია ადამიანის ფუნდამენტური ფულებების დარღვევები. კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება არ დაიწყო.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" კიდევ ერთხელ აღნიშნავს ადამიანთა უფლებების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობას და განსაკუთრებით სახელმწიფოს არაეფექტიან როლს. შემაშფოთებელია, რომ ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის დროს უმრავლეს შემთხვევაში დაზარალებულთათვის პოზიტიური შედეგი არ დგება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, დაზარალებულისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი შიდა მექანიზმები, რომლითაც დადგება უფლების დამრღვევი სახელმწიფო მოხელეების ან ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი. ევროკონვენციის თანახმად, დაზარალებულის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების ან სასტიკი მოპყრობის საქმეებში ზედმიწევნითი და ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომელიც შეძლებს დამნაშავეთა გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიიჩნევს, რომ უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას და ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევაში არ ატარებს ეფექტიან გამოძიებას.