მოქალაქეების მიმართ ძალადობა პოლიციელების მხრიდან, სამწუხაროდ, უკვე იქცა სისტემური ხასიათის ქმედებებად, - "ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრი ლევან სამუშია აცხადებს.
სამუშია გორში, პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ძალადობის მომხდარ ფაქტს ეხმიანება.
"დღეს გავრცელდა უმძიმესი კადრები უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რომელსაც ჩადიან პოლიციელები საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაკავებამდე და სავარაუდოდ დაკავების შემდეგ. სახეზეა უმძიმესი ფაქტი, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა, ძალადობა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქმედება ჩადენილია ჯგუფურად! უმძიმესი საყურებელი და აღსაქმელია, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიციელები ჩადიან დანაშაულს ჯგუფურად და ერთი პოლიციელიც კი არ გამოერია მათ შორის, დანაშაული რომ აღეკვეთა და ხელი შეეშალა თავისი კოლეგებისთვის. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტიები თუ მსგავსი ფაქტები სააშკარაოზე არ გამომზეურდება.
მინდა მივმართო პროკურატურას, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ სახეზეა პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურად! ამის დამალვა არ შეიძლება, ამას შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს! შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს და მონიტორინგი გაუწიოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა პოლიციელების მხრიდან, სამწუხაროდ, უკვე იქცა სისტემური ხასიათის ქმედებებად და მე შემიძლია გითხრათ თუნდაც აქციების დროს ჩადენილი არაერთი უმძიმესი ფაქტის შესახებ, შევსებული აქვთ "ფორმა ნომერი ერთი, დაწყებულია გამოძიება" და სისხლის სამართლის უამრავ საქმეზე შესაბამის სამართლებრივ შეფასებებს ჩვენ ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, აუცილებელია უსწრაფესი შედეგი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ჯგუფურად ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას!
და ბოლოს, სად არის მეგობრებო პოლიტიკური პასუხისმგებლობა?! უკვე ღიად, დღისით, მზისით ხდება ძალადობა, სად არის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი?! სად არის კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი?! გამოვიდეს და თქვას, თუ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება აქციების დარბევიდან მოყოლებული და შედეგები თითქმის არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ დამდგარა.
პროკურატურისგან და შესაბამისი ორგანოებისგან კიდევ ერთხელ მოვითხოვთ უსწრაფესად გამოძიების შედეგებს, რადგან ფაქტი სახეზეა. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა!- თქვა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.