დღეს საქართველოს პარლამენტში "ეს შენ გეხება"-ს საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელებენ. კამპანიის "ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომრის პავლე კუბლაშვილისა და კანონპროექტთა ავტორების შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 15:00 საათზე გაიმართება.
არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი მელაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია და ჟურნალისტი ლაშა ტუღუში დაესწრებიან.
კამპანიის "ეს შენ გეხება" მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. კამპანია "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანასა და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით 7 მაისს კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. იმავე დღეს, საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც, საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.