პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნანა გულუა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, და
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მიმართავს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს!
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს!
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას!
2012 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად დღითიდღე იზრდება დაძაბულობის ტემპერატურა და თითქმის პიკს აღწევს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართული საარჩევნო სუბიექტების ურთიერთდაპირისპირება და ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული საკანონმდებლო ომი პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
ხელისუფლების დესპოტიზმი და დანაშაულებრივი ნიჰილიზმი პოლიტიკური მეტოქეების მიმართ ეფექტურად აისახა გასული წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", როდესაც საახალწლო ეიფორიაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაიწყეს მოქმედება დემოკრატიული სამყაროსთვის უპრეცედენტო კანონის შოკისმომგვრელი ცვლილებების საწინააღმდეგოდ, როდესაც უკვე ძალიან გვიან იყო და უკვე კანონის ძალით აიკრძალა ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება, როგორც ფინანსური, ისე მორალური რესურსების გამოყენებით. მხოლოდ ქაღალდზე დარჩა ის ფორმულირებები, რაც საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს პარტიის ანგარიშზე გადარიცხოს 60 000 ლარი შემოწირულობის სახით (ქვეყანაში, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ეს ხომ ფანტასტიკის სფეროა) წელიწადში, ხოლო პარტიას უფლება აქვს დახარჯოს საარჩევნო კამპანიისთვის არაუმეტეს 45 მილიონი ლარისა.(როგორ უნდა მოხვდეს პარტიის ანაგარიშზე 45 მილიონი ლარი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილობს, ხოლო უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვარზე წასულ ჩვენს თანამემაულეებს კანონით უფლება არა აქვთ განახორციელონ შემოწირულობა უცხოეთიდან).
ხელისუფლებამ მხოლოდ საკანონმდებლო რეპრესიები არ აკმარა თავის მოქალაქეებს და საარჩევნო სუბიექტებს და სადამსჯელო მანქანა აამოქმედა საქართველოს კონტროლის პალატის სახით, რომლის მარწუხებშიც უკვე მოექცნენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მათი მხარდამჭერი მოქალაქეებიც. ჩვენი პოლიტიკური პარტიაც ,,განახლებული საქართველოსთვის" ხელისუფლების პოლიტიკური და ფინანსური რეპრესიების მსხვერპლია, რადგან მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს კონტროლის პალატამ ჩვენი პარტიის 6 მხარდამჭერი: ლევან გვარმიანი, ლაშა გვასალია, ომარ ჯოლია, გიორგი ოძელი, მარლენ ხუცურაული და ბესიკ მამულაშვილი, რომელთაც პარტიის ანგარიშზე შემოწირულობის სახით გადარიცხეს 65 ათასი ლარი, დაჯარიმებულ იქნენ შემოწირულითანხის ათმაგი ოდენობით, 650 ათასი ლარით, ხოლო პარტიას შემომწირველების მიმართ დაეკისრა ვალდებულება უკან დაებრუნებინა მის ანგარიშზე ჩარიცხული 65000 ლარი.
კონტროლის პალატა და სასამართლო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორების დაწესებულებას წარმოადგენს და არა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუციას, ყველაფერს აკეთებენ, რომ მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტივობის შედეგად, პარლამენტის მიერ იძულებით მიღებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე, რომელიც ხელოვნურად ჭიანურდება და რის მიხედვითაც ათმაგი ჯარიმის ოდენობა 5-მდეა დაყვანილი, მაქსიმალუად ამოიღონ პარტიებისა და მოქალაქეების ბიუჯეტიდან ფული და გადარიცხონ ,,სახელმწიფო" ბიუჯეტში, რომელიც დიდი ხანია ხალხს და ამომრჩეველს აღარ ეკუთვნის და სააკაშვილის კაპრიზების შესაბამისად იხარჯება.
უახლოეს დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ სხდომას დანიშნავს, სადაც საბოლოოდ დააკანონებს პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" და მისი მხარდამჭერების მიმართ 650 ათასი ლარის გადახდას, რაც პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობისთვის უდიდესი ფინანსური და მორალური დარტყმა იქნება. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატა და სასამართლო ჯიუტად და პრინციპულად არ ითვალისწინებენ ჩვენი ფინანსურად რეპრესირებული მხარდამჭერების არცერთ არგუმენტს შემოწირული თანხის წარმომავლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. სასწრაფო წესით მიმდინარეობს სასამართლო პროცესების დანიშვნა და ისიც ადვოკატების დასწრების გარეშე, რაც საერთოდ ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი სასამართლოს პრინციპს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, სასამართლოს მეშვეობით სურს მოასწროს პარტიების ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება. რა ჰქვია ამას თუ არა სახელმწიფო რეკეტი? რა ვქნათ, რომ კონტროლის პალატის და სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური ნება არ არსებობს?
უმორჩილესად გთხოვთ დაინტერესდეთ ამ დრაკონული და რეპრესიული კანონის მოქმედებით და მის საფუძველზე მიღებული კონტროლის პალატისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა გახდეთ დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაციის მონაწილე და მხოლოდ დამკვირვებელი, რომელიც უნებლიედ შეუწყობს ხელს საქაღთველოში გადარჩენილი მცირე დემოკრატიული რესურსის კვდომას. ვითარება მეტად საგანგაშოა. დარწმუნებული ვართ, რომ აქტიურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ჩვენ არც პირველნი ვართ და არც უკანასკნელნი. არჩევნებამდე კი ჯერ საკმაოდ დიდი დროა.
უღრმესი პატივისცემით,
ნანა გულუა
პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე