საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობისთვის ყველა პირობა შეუქმნა, გაუგებარი ხდება "ქართული ოცნების" ლიდერის პოზიცია.
"რამდენიმე თვის განმავლობაში ვისმენდით განცხადებებს, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სიის პირველ ნომრად ყოფნას, შემდეგ კარიერის გაგრძელებას, პრემიერ-მინისტრობას და ამ ყველაფერში ხელს ივანიშვილს მოქალაქეობის არქონა უშლის. გუშინ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა, არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს არც პარლამენტის თავჯდომარეობაზე, არც პარლამენტის წევრობაზე, არც პრემიერ-მინისტრობაზე, არც პრეზიდენტობაზე", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძის განცხადებით, მისთვის ივანიშვილის პოზიცია მოულოდნელი იყო.
"ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ცოტა მოულოდნელი იყო, როდესაც მათი პოზიცია 180 გრადუსით არის შეცვლილი და ბატონი ბიძინა აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, არც სიის პირველ ნომრობას. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუ მას სურს არჩევნებში მონაწილეობა, ამის სრული უფლება აქვს, თუ მას სურს პრემიერობა, ესეც შეუძლია. არანაირი შეზღუდვა მის პოლიტიკურ აქტივობაზე არ არსებობს", _ განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა არასწორია.
"ამიტომ მისი სურვილი - იყაროს ან არ იყაროს კენჭი, მიიღოს ან არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა - არის დამოკიდებული მთლიანად მასზე. ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა იმ ფონზე, როდესაც ყველანაირი პრობლემა მოვხსენით, ვფიქრობ, არის არასწორი და არაკორექტული".
შეგახსენებთ: "ქართული ოცნების" ლიდერის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს.